დავით ზალკალიანი - ენტონი ბლინკენს ვესაუბრე, რომ აუცილებელია, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს მომავალშიც
დავით ზალკალიანი - ენტონი ბლინკენს ვესაუბრე, რომ აუცილებელია, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს მომავალშიც

მქონდა შესაძლებლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გასაუბრების და ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის მტკიცე, რომელიც არის ძალინ მკაფიო, შეუქცევადი გახდეს მომავალშიც და გაგრძელდეს ყველა იმ ძირითადი მიმართულებით, რომელსაც მოიცავს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ბლინკენის მხრიდანაც იგრძნობოდა ამ ყველაფერზე მზაობა და მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდეს.

„რეგიონში ჩვენი როლის გამოკვეთით, ყველა ერთად, მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ მედიაციის როლს, რომელსაც ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვასრულებთ და ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი ფუნქცია, გვაქვს ამაში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. მე მას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გაგრძელდება მომავალში და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ჩვენს მეზობლებს თბილისს, როგორც პლატფორმას დიალოგისთვის, რადგანაც ეს აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ნატო-ზე რა თქმა უნდა, მადლობა ვუთხარი გუშინაც რიგაში და დღესაც სტოკოჰოლმში იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვაქვს აშშ-ს მხრიდან. მისი განცხადება გუშინ განხილვების დროს იყო ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველო იმსახურებს, აღიარებულ იქნას ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მაღალი შეფასება მიეცა ჩვენს მონაწილეობას ავღანეთში მისიაში. მოგეხსენებათ, რომ ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ ვიყავით, ერთად შევედით ავღანეთში, ერთად დავტოვეთ. როგორც შესვლის, ისე დატოვების პროცესში, ჩვენი მხარდაჭერა მათთვის იყო ფასდაუდებელი და ეს აღინიშნა კიდეც მისი მხრიდან, როგორც პირად საუბრებში, ასევე იმ წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღე სახელმწიფო მდივნის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.