დავით ზალკალიანი - ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის
დავით ზალკალიანი - ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის

ჩვენი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ერთობლივი შესრულების კუთხით, მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ალიანსის წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი The Washington Times-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

მინისტრის შეფასებით, გიორგი გახარიას სტატია არის მკაფიო გზავნილი საქართველოს პარტნიორების მიმართ.

„პრემიერის სტატია არის ზუსტი და მკაფიო გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ. ჩვენ ბოლო, უმაღლესი დონის ფორუმები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ჩვენს წევრობაზე ნატო-ში და შავი ზღვის, როგორც რეგიონში მასტაბილიზებელი ფაქტორის გამოყენებაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული პრემიერის სტატია. მან ამის შესახებ ისაუბრა დავოსში, ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მიუნხენში მეც მქონდა ცალკე პანელი, მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ზუსტად ამ თემებზე გავამახვილე ყურადღება და გუშინ იყო ჩემი სტატია „ფაინენშალ თაიმსში“, სადაც ზუსტად პრემიერის ინტერვიუს მსგავსად, ვსაუბრობ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და იმ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც რეგიონში აქვს საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის პათოსი არის გაზიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც მოკავშირე და ფაქტობრივად, წევრობის სამოქმედო გეგმა იგივეა, რაც საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და პროგრამაში გაწერილი მოდალობები სრულ თანხვედრაშია წევრობის სამოქმედო გეგმასთან. ასე რომ, ამჟამად არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩენილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები ყოველდღიურად უნდა იყო მიმართული რეფორმების გაგრძელებაზე.

„სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით, ჯერ კონსენსუსი არ არის, მაგრამ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები ყოველდღიურად უნდა იყო მიმართული იქითკენ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ იმ რეფორმების განგრძობითობაზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად იმ პოლიტიკური მომენტისთვის, როდესაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები ჩამოყალიბდებიან საქართველოს წევრობისთვის.

რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება ამას. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთისთვის ეს მისაღები განვითარება არის, მაგრამ ეს არის ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ამას და ეს ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის რეზოლუციასა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამაში. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად მივუყვებით ჩვენს პრიორიტეტებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინწასული ასპირანტი ქვეყანა, ასრულებს ყველაფერს და აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო წევრობისთვის.

„ნატო-ს და ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენი რაციონალური პოლიტიკით, იმავე კონფლიქტების მოგვარების კუთხით და ვამბობთ, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს არის იურიდიული ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული აქვს და ამას საჯაროდ ვაცხადებთ. მსგავსი ქმედებით, ჩვენი თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით, მაქსიმალურად ვეხმარებით პარტნიორებს, რათა ისინი საბოლოოდ დარწმუნდენ, რომ სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მივდივართ რეფორმების გზით. ჩვენი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ერთობლივი შესრულების კუთხით მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.