დავით ზალკალიანი - ძალიან მოკლე პერიოდში სამშობლოში დავაბრუნეთ 12 700 მოქალაქე, რაც სერიოზული მიღწევაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა
დავით ზალკალიანი - ძალიან მოკლე პერიოდში სამშობლოში დავაბრუნეთ 12 700 მოქალაქე, რაც სერიოზული მიღწევაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გლობალური გამოწვევის პირობებში საგარეო უწყებას მიღებული ჰქონდა დავალება, რომელიც ემსახურებოდა ორ მთავარ მიზანს – უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებასა და სამშობლოში მათ ეტაპობრივ დაბრუნებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ იმ ადამიანებს, ჩვენს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში, კერძოდ, პანდემიასთან ბრძოლის დაწყების პირველი დღიდანვე აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არა მხოლოდ ისინი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო.

ეს იყო ძალიან სერიოზული, გლობალური გამოწვევა და საჭირო იყო ამ მართლაც მძიმე, არაორდინალურ სიტუაციაში ძალიან სწრაფი რეაგირება, რადგან ჩვენ საქმე გვქონდა ადამიანებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან, ბევრი მათგანი მართლაც რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და საჭირო იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, იანვრის ბოლოდან უკვე შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და ყოველდღიურ რეჟიმში მე მოვახსენებდი ბატონ პრემიერს და საკოორდინაციო საბჭოს იმ საქმიანობის შესახებ, რა დავალებაც ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ორი მიზანი იყო განსაზღვრული, პირველი, ადგილზე ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მათი ეტაპობრივი დაბრუნება სამშობლოში.

ეს იყო მართლაც ურთულესი პროცესი, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება, საჭირო იყო კოორდინირებული მოქმედება, სწრაფი მოქმედება და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გითხრათ თქვენ მობრძანებისთვის, თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ძალიან მოკლე პერიოდში მთავრობამ შეძლო და სამშობლოში ორგანიზებულად დააბრუნა 12 700 მოქალაქე, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან სერიოზული მიღწევაა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენ ადგილზე ვეხმარებოდით გაჭირვებაში აღმოჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს და 21 ათასზე მეტ ჩვენს თანამემამულეს დავეხმარეთ ადგილზე. განხორციელდა 74 სპეციალური რეისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპიდან და ასევე ამ პროცესში იყო აქტიურად ჩართული ჩვენი ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“, ასევე ვთანამშრომლობდით ავიაკომპანიებთან, მაივეისთან, ლოტთან და ფიქრობ, დღეს რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, სწორედ ამ ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობის კარგი შედეგია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.