დავით ზალკალიანი - დმიტრო კულებასთან შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ ეს კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით
დავით ზალკალიანი - დმიტრო კულებასთან შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ ეს კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით

დმიტრო კულებასთან შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ ეს კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე. მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა დასავლელი პარტნიორი მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში.

„აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება, რომ დიპლომატიური გზით მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია. რა თქმა უნდა, ამას ექნება უმძიმესი შედეგები, პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის, ევროპისა და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება. ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მთლიანად უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო, მაქსიმალურად არიან ჩართული ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ომი იყოს თავიდან აცილებული და ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ დღევანდელ მსოფლიოში მიუღებელია საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე.

„ამაში ყველა თანხმდება და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული. ყველა ჩვენი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის იქნებოდა, თუ ჩემი შეხვედრა და ასევე ცალკე პანელი, რომელიც საქართველოს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი პანელი იყო უკრაინაზე ფოკუსირებული, ის, რომ საქართველოს თემატიკაც იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მიანიშნებს, რომ საქართველო არ არის დავიწყებული. საქართველო, სამხრეთ კავკასია არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია. ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი. ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.