დავით ზალკალიანი - ჟოზეფ ბორელის განცხადება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს
დავით ზალკალიანი - ჟოზეფ ბორელის განცხადება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციას არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს და ეს ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი.

„ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა და მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყველა მთავარმა სამონიტორო ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთო/ოდირმა როგორც წინასწარი დასკვნით, ისე საბოლოო დასკვნით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

უმაღლესი წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება ასევე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს. მან კიდევ ერთხელ მოიყვანა ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადად დაცული იყო ყველა თავისუფლება არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ, არჩევნების თემა, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციას არ აქვს და ეს მე მგონი, ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს ეფექტიანი გამოსავალი, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეუთო-მ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მიიჩნია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეუთო-მ მიიჩნია ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.