დავით ზალკალიანი ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ჟენევას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის შეხვედრაზე ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან; გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან; გაერო-ს ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ასევე მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.​

დავით ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში ხვალ დასრულდება.