დავით ზალკალიანი - ჟენევა არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე
დავით ზალკალიანი - ჟენევა არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე

ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა.

„ჩემს გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ჟენევაზე, როგორც მთავარ ფორმატზე, რომელიც სამ ძირითად ფუნდამენტზეა დაფუძნებული. ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება ადგილზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ სამი მიმართულებიდან არც ერთზე კონკრეტული ხელშესახები შედეგი არ არის, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჟენევაზე. იმიტომ, რომ ჟენევა არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით რუსეთს ვესაუბრებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მან ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჟენევის ფორმატი უფრო ეფექტიან გახდეს.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ჟენევას ვერ განვიხილავთ მოწყვეტილად, ამოგლეჯილად დიდი გეოპოლიტიკური სურათისგან. ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენს გარშემო, რეგიონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ამ პროცესზე. ამიტომ დიდ სურათში უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, მას ჰყავს თვისი თანათავმჯდომარეები, ჰყავს ფასილიტატორი, მაგრამ აუცილებელია, პოლიტიკური მისი მდგენელი ნაწილი, პოლიტიკური განზომილება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. როდესაც ვერ სრულდება რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება, ამას სჭირდება ძალიან მკაფიო შეფასება, პირველ რიგში, საერთშორისო თანამეგობრობის მხრიდან. როდესაც იქ ხდება გარკვეულწილად შანტაჟი და ერთი ჯგუფის მუშაობის გამოყენება მეორის საწინააღმდეგოდ, ჰუმანიტარული ჯგუფის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ, ამას სჭირდება ზუსტი შეფასება თანათავმჯდომარეების მხრიდან.

ამიტომ როდესაც თანათავმჯომარეების მხრიდან გარკვეული თავშეკავება არის ამასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაფიო გახდეს ეს შეფასებები და რუსეთის ფედერაციას მოეწოდოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მას ეთქვას, რომ ის, რასაც ცდილობს ამ ნარატივის დამკვიდრებას, რომ ეს ვალდებულება აფხაზებსა და ქართველებს შორის და ოსებს შორის კი არ არის, მას და საქართველოს შორის არის, ამის გაჟღერება უფრო მკაფიოდ, მაღალ დონეზე უნდა მოხდეს. ამიტომ ვფიქრობ, სამუშაო არის არა მხოლოდ თანათავმჯდომარეებთან, არამედ მათ ხელმძღვანელობასთან ევროკავშირში, მათ ხელმძღვანელობასთან გაერო-ში, მათ ხელმძღვანელობასთან ეუთო-ში. ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი, რომ კიდევ მეტი ფუნქცია და მუხტი შევძინოთ ჟენევას. რა თქმა უნდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუკი რამე მუშაობს, არა იმ სრულ მანდატში, მათ არ აქვთ წვდომა. ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მათ არ უშვებენ. არის ერთადერთი საერთაშორისო მისია და მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც იძლევა სიტუაციის ობიექტურ აღწერას და მყისიერ რეაგირებას აძლევს ბრიუსელში. ამიტომ კარგია, რომ მათ რამდენიმე დღის წინ გაუგრძელდათ მანდატი. არანაირი შეყოვნება არ გვაქვს და სრული გაგება გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ არანაირი შეყოვნება არ შეიძლება ამ მანდატის, ეს არის მისია, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.