დავით ზალკალიანი - დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა გუგუტიანთკარში, ისევე, როგორც პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი
დავით ზალკალიანი - დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა გუგუტიანთკარში, ისევე, როგორც პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი

დღეს დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე, როგორც ამ დღეების განმავლობაში პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც, ერთი მხრივ, ემსახურებოდა საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეკავებას და მეორეს მხრივ, წარმოადგენდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის უპირველესი მნიშვნელობის არის ადგილზე მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა.

„მომავალშიც მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ მათი უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემები მუდმივად მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ეხმაურება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს. მათ შორის არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები; გაერო-სა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნების ანგარიშები; გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშები; ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეების დეკლარაციები, რეზოლუციები და განცხადებები. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ასევე აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი და საქართველოს მხარდამჭერი აქტი. აღნიშნულ დოკუმენტებში საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის უკანონო მოქმედებებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.  საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ადგილზე ხორციელდება არაერთი ჰუმანიტარული ხასიათის პროექტი, რომელიც ემსახურება საქართველოს რეგიონების ოკუპაციის მძიმე შედეგების აღმოფხვრას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და მტკიცე პოზიცია არის ის ქმედითი ინსტრუმენტი, რაც აუცილებლად მოიტანს სათანადო შედეგს და შესაძლებელს გახდის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეჩერებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდა უკანანო ბორდერიზაციის პროცესი, თუმცა გაგრძელდება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენების შეფასება და მათზე რეაგირების პროცესი“, – განაცხადა ზალკალიანმა.