დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს
დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ის, რომ ოკუპაციის პირობებშიც საქართველო განაგრძობს განვითარებას და წარმატებით მიისწრაფის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისკენ, დიდწილად სწორედ მათი საქმიანობის დამსახურებაა.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ამ დიდ ოჯახს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, მალევე, შემოვუერთდი და პატივად მერგო პირადად ვყოფილიყავი მონაწილე  ქართული დიპლომატიის განვითარების საკმაოდ საინტერესო და იმავდროულად, რთული ეტაპების.

ქართულმა დიპლომატიამ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ უამრავ წარმატებას მიაღწია. იმავდროულად ჩვენ გავუძელით არაერთ გამოწვევას და სირთულეს.  წარსულშიც და დღესაც, გვიწევს მოღვაწეობა ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში, ცვალებად მსოფლიოში, სადაც გადაწყვეტილების მიღება ჩვენი მხრიდან  საჭიროებს გამჭრიახობას, სიბრძნეს, ხშირად, სითამამესაც და გამბედაობას! ის რომ ოკუპაციის პირობებშიც საქართველო განაგრძობს განვითარებას, წარმატებით მიისწრაფის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისკენ, დიდწილად სწორედ თქვენი საქმიანობის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ქართული დიპლომატია იქნება ის ძალა, ვინც მშვიდობით გააერთიანებს და გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ გვყავდა დიპლომატების უაღრესად საამაყო თაობა, რომლებმაც, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, იმ  ურთულეს პერიოდში, ხშირად, თავგანწირვის ფასად შეძლეს და განამტკიცეს საქართველოს სახელწმიფოებრიობა. ბევრი მათგანი დღესაც ჩვენს გვერდით არის და მსურს, მათ მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი, დაუღალავი შრომისთვის. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ არის და ჩვენი ვალია, ჩვენი პროფესიონალიზმით და ამ საქმისადმი ერთგულებით უკვდავვყოთ მათი სახელი.

თითქმის ყოველ წელს ჩვენს რიგებს ემატებიან ახალგაზრდა დიპლომატები, ისინი ახალ მუხტს სძენენ სამინისტროს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობილი მათი ნიჭი და ნოვატორული ხედვები, თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ დიპლომატიას.

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო, ყოველ წელს, მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიღწევებით აგვირგვინებს.  ამ მხრივ, გამონაკლისი არც მიმდინარე – 2019 წელი იყო. კიდევ უფრო განვამტკიცეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან; კიდევ უფრო გავამყარეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი; გადავდგით ნაბიჯები ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისთვის; უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებს.

მე ამაყი ვარ, რომ ამ წარმატებას ქმნის ჩვენი გუნდი – წინაპრების საუკუნოვან ცოდნას დაფუძნებული, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ქართული დიპლომატია!“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.