დავით ზალკალიანი - დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს
დავით ზალკალიანი - დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს

დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარიზში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. იცით, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან დეკლარაციას მოეწერება ხელი. დაფუძნდება დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი, რომელიც საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს. რამდენიმე ძირითადი მიმართულება იქნება, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება და ვაჭრობა, კულტურა, ხალხთა შორის ურთიერთობები. ყველა ძირითადი მიმართულება ორმხრივი თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია და ასევე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგანაც საფრანგეთის ჩართულობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.