დავით ზალკალიანი - დიდ მადლობას ვუხდი აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ
დავით ზალკალიანი - დიდ მადლობას ვუხდი აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

„დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით – საელჩოს სახით და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.

პარტნიორების მსგავსი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების დემოკრატიული არჩევნები“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას. პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურმა ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.

ამასთან, მაიკ პომპეო დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში წერს – „ვაფასებთ ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში“.