დავით ზალკალიანი - დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს
დავით ზალკალიანი - დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს

მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ისტორიაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს ლონდონში ხელი მოეწერა.

მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ შეთანხმებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ბრიტანეთში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, ბრექსიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, დავით ზალკალიანის თქმით, იმის მაჩვენებელია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ძალიან ოპერატიულად, არ შექმნილიყო არანაირი სამართლებრივი სივრცე და სამართლებრივ სივრცეში ვაკუუმი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პროცესში, რადგანაც ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთთან ურთიერთობის ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით, არის სწორედ ის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმება, რომელზეც ჩვენ დღეს ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენ კვლავინდებურად გვექნება ბრიტანეთის მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ყველა საერთაშორისო დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ვორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს.