დავით ზალკალიანი - დღევანდელ მღელვარე სამყაროში ჩვენი პასუხისმგებლობაა, მტკიცედ ვიდგეთ უსამართლობის წინაშე და ერთობლივად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის
დავით ზალკალიანი - დღევანდელ მღელვარე სამყაროში ჩვენი პასუხისმგებლობაა, მტკიცედ ვიდგეთ უსამართლობის წინაშე და ერთობლივად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის

დღევანდელ მღელვარე სამყაროში ჩვენი პასუხისმგებლობაა, მტკიცედ ვიდგეთ უსამართლობის წინაშე და ერთობლივად ვიმუშაოთ მდგრადი და უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, დღეს აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 75 წლის იუბილე, ორგანიზაციის, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შედეგად, რათა მომავალი თაობები გადაარჩინოს ომის უბედურებისაგან და განამტკიცოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისადმი რწმენა.

„მიუხედავად ამისა, 75 წლის შემდეგ, ჩვენ ეგზისტენციალური გამოწვევების ფართო სპექტრს წინაშე ვდგავართ. დღევანდელ მღელვარე სამყაროში ჩვენი პასუხისმგებლობაა, მტკიცედ ვიდგეთ უსამართლობის წინაშე და ერთობლივად ვიმუშაოთ მდგრადი და უკეთესი მომავლისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების დიდი შეშფოთების წყაროდ რჩება და საბჭოს მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.

ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ და ვგრძნობთ სასტიკი შეიარაღებული კონფლიქტის საზარელ შედეგებს სირიაში, სადაც მიმდინარე საომარი მოქმედებების ძირითად დარტყმის ქვეშ კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ჩვენ ასევე ვხედავთ ვენესუელას მამაცი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის და საქართველო კვლავ ადასტურებს მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების მისაღწევად ხუან გუაიდოს ძალისხმევის მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით,  ადამიანის უფლებათა საბჭოს უდიდესი როლი აკისრია გლობალური გამოწვევების საპასუხო გზებისა ძიებასა და დანაპირების, არავინ დარჩეს მიღმა, შესრულებაში.

„მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ საბჭოს ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ მეტი უნდა გაკეთდეს საბჭოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ჩვენ ასევე ვაღიარებთ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი დიპლომატიის როლს და ვუერთდებით პრეზიდენტის მოწოდებას, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანოებმა მეტი ძალისხმევა მიმართონ იმ ადამიანების წარმატებული ისტორიების გამოსავლენად, რომლებმაც ისარგებლეს ადამიანის უფლებების საბჭოსა და მისი მექანიზმების მოცულობითი საქმიანობით.

Good Human Rights Stories ინიციატივა ადამიანის უფლებების შესახებ პოზიტიური ნარატივის პოპულარიზაციის კარგი მაგალითია და საქართველო მოხარულია, იყო ინიციატივის წევრი.

ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე თავმჯდომარეობის პერიოდში განვსაზღვრეთ, საბჭოს პრიორიტეტებს ეხმიანება: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა საკითხებზე გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისსა და სპეციალურ პროცედურებთან თანამშრომლობის გაღრმავების გზების ძიებას. ჩვენ ვაღიარებთ „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის“ (UPR) – გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის – უნივერსალურობას და ვაგრძელებთ მიმოხილვის პროცესში ჩართულობას კონსტრუქციული მონაწილეობის გზით.

საქართველომ გასულ მარტს შუალედური ანგარიში წარადგინა და ნოემბერში კი UPR-ის მესამე ციკლის მიმოხილვას ველით.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული საბჭოსა და მისი მექანიზმების მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ფასეულობაში. დიდად ვაფასებთ ადამიანის უფლებათა დამცველების მნიშვნელოვან როლს და ვწუხვართ, რომ ისინი კვლავ რჩებიან დაშინებისა და გაკიცხვის ობიექტებად. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საბჭოს მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია გაერო-ს ყველა წევრი ქვეყნის უნივერსალურ მონაწილეობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მის მუშაობაში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა (LDCs) და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების (SIDs) მონაწილეობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება.

„პეკინის დეკლარაციის 25 წლის იუბილეს სულისკვეთების თანახმად, საქართველო გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა გაძლიერების აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ამ თვალსაზრისით, მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს დღეს, ჟენევაში „ადამიანის უფლებათა კარგი ისტორიების“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე. გაგიზიაროთ ბავშვთა ადრეული, იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩვენი გამოცდილება. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტებით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამ მიმართულებით შესაბამის ინიციატივებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.