დავით ზალკალიანი - დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში ძალიან მაღალ დონეზე დგას
დავით ზალკალიანი - დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში ძალიან მაღალ დონეზე დგას

29 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში. მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებზე. მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ესტონელი პარტნიორების ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ისევე როგორც ეუთოს, ევროპის საბჭოს მინისტერიალებსა და მაღალი დონის ღონისძიებებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში და გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიში ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ;

„გაიზარდა მხარდამჭერებისა და თანასპონსორების რაოდენობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიმართ – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი და/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული 21-ე და 22-ე ანგარიშები – „კონფლიქტი საქართველოში“; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; -ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პირველად იქნა მიღებული ეუთო-ს ე.წ. ხუთეულის განცხადება (ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნები), რომელიც გასული რამდენიმე წლისგან განსხვავებით, უფრო საფუძვლიანად ეხმიანება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავლისათვის მთავარ ამოცანებად რჩება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ესკალაციის პრევენცია და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის აღკვეთა.

მისივე თქმით, მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და აქტიურად იქნება გამოყენებული მოლაპარაკებების ყველა არსებული ფორმატი. მინისტრის განცხადებით, ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების შეუზღუდავი წვდომა.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი. ვმუშაობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისთვის“ – განაცხადა ზალკალიანმა.