დავით ზალკალიანი დღეს ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს კიორბერის ფონდის რიგით მეცხრე, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ზალკალიანი ევროპელ კოლეგებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
საგარეო უწყება განმარტავს, რომ ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის. მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები – როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან.