დავით ზალკალიანი - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, მაიკ პომპეოსთან ამ თემებზეც იქნება საუბარი
დავით ზალკალიანი - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, მაიკ პომპეოსთან ამ თემებზეც იქნება საუბარი

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება ამ თემებზეც საუბარი, ისე როგორც ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც არის დაფარული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზალკალიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იქნება თუ არა მაიკ პომპეოსთან საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც საუბარი იყო არჩევნებზე და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე“.

„არავინ ამაზე არ დავობს, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია. ჩვენ ყოველთვის აქეთკენ მივისწრაფვით. მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს ტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემეზე. რა თქმა უნდა, იქნება ამ თემებზეც საუბარი, ისე როგორც ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც არის დაფარული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.