დავით ზალკალიანი - დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში

დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აღნიშნულ საკითხზე იყო თუ არა შეთანხმებული მთავრობასთან.

ზალკალიანის თქმით, დავით გარეჯის თემა, ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაციები მხოლოდ დამაზიანებელია. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მუშაობის ნორმალურ პირობებში გაგრძელების საშუალება მიეცეს.

„დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში ან რომელი თანამდებობის პირთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს გავდივართ, იქ მთელი ჩამონათვალია და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ამ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა ვერ ხორციელდებოდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ჩვენ სასაუბრო მასალაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სხვადასხვა ვიზიტების დროს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს საკითხიც შეტანილი იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობდა.

„მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ოფიციალური მუშაობა კომისიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს, ჩვენ ამ თემატიკაზე მუდმივად ვსაუბრობდით და კარგია, რომ ორივე მხარეს არის პოლიტიკური ნება, საქმიანობა კომისიის ფარგლებში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა განმარტა, რომ ვიზიტის დროს სასაუბრო მასალასა და თემატიკას, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, პრეზიდენტს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმზადებს.

„როდესაც პრეზიდენტი ვიზიტში მიდის, ვიზიტის თემატიკას ვაწვდით. ანუ ვიზიტის ფარგლებში სასაუბრო მასალასა და თემატიკას, ყურადღება რა საკითხებზე გაამახვილოს, ამას ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვუმზადებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიაზე შეთანხმებას საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე, ზალკალიანის თქმით, საუბარია ექსპერტებზე, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიან.

„კომისია ძალიან მრავალფეროვანია. იქ არიან, როგორც სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კარტოგრაფები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ორმხრივად მისაღებ ვადებში და შესაბამის დროს განხორციელდეს ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის შესწავლა. მზაობა გამოთქმულია, ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და საზოგადოებას ეცოდინება, როდის შედგება ეს ვიზიტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რისკებთან დაკაშირებული კითხვაზე პასუხისას კი, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციებს ყველა უნდა მოერიდოს.

„ამ თემებთან დაკავშირებით სპეკულაციებს მოვერიდოთ. იყო, არის და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ არის დაინტერესება მესამე ძალის მხრიდან, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის მოხდეს სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამის დაშვებაც კი არ შეიძლება. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია იმ ნორმალურ ჩარჩოებში და ფორმებში იყოს მოქცეული, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნების ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას განაგრძობს, ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან რამე სახის გაუგებრობა იყოს და ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ პოლიტიკური პარტიები, სიტუაციის ინტერპრეტაციისა და არასწორად წარმოჩენის საშუალება მიეცეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.