დავით ზალკალიანი - დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, მზაობა და პოლიტიკური ნება იყოს, ამას გავაკეთებთ აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მისაღწევად
დავით ზალკალიანი - დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, მზაობა და პოლიტიკური ნება იყოს, ამას გავაკეთებთ აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მისაღწევად

დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავარია, მზაობა და პოლიტიკური ნება იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია და მუშაობს სადელიმიტაციო კომისია.

„აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაწყებულია. მუშაობს სადელიმიტაციო კომისია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა. ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. მინდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგოს, თუ რა მოცემულობაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ის მოცემულობა მივიღეთ, რაც დღეს გვაქვს.

აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც 23-24 მაისს მონაწილეობდა ამ დიალოგში, დააყენა ყველა საკითხი, რადგან აუცილებელია, მოლაპარაკების პროცესში, მაშინ როდესაც კომისია მუშაობს, იქ იმის აღქმაც კი არ შეიქმნას, რომ სტატუს კვო იცვლება. აუცილებელია, არ მოხდეს ინტერპრეტაციები. ამიტომ მიღწეულია შედეგი, რომ იქ შეჩერებულია ყოველგვარი მუშაობა. ჩვენ ამ მიმართულებით აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ ექსპერტები ადგილზე მუშაობას გააგრძელებენ. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. 90-იანი წლებიდან დაწყებული ის უმძიმესი მემკვიდრეობა დღემდე მოდის. ვერც ერთი, ვერც ორი და ვერც სამი რაუნდით ეს ვერ გადაწყდება. მაგრამ მთავარია, რომ მზაობა და პოლიტიკური ნება იყოს. ჩვენ ამას ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებზე დაფუძნებით გავაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევის მიზნით“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, კომისიის ფარგლებში განიხილება ყველა მანამდე არსებული მოლაპარაკების ნიუანსი.

„კომისიის ფარგლებში განიხილება ყველა მანამდე არსებული მოლაპარაკების ნიუანსი. იქ უმარავი ფაქტები და რუკებია. ძირითადი მოლაპარაკება 1996 წლის ოქმზე და ამ ოქმთან დაკავშირებულ შესაბამის რუკებზე მიმდინარეობს. დეტალებში წასვლა არ მინდა, რადგან ძალიან სპეციფიკური დეტალებია. უნდა ითქვას, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმ ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ქედს მიღმა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ამის შესახებ საქართველოს დელეგაციამ განმარტებები მოითხოვა და აღნიშნა, რომ აუცილებელია იქ შეწყდეს ეს ქმედებები. რადგანაც ელემენტარული აღქმაც კი არ დარჩეს იმის, რომ სტატუს კვო იცვლება ან რაღაც გადაადგილების სტატუსი იცვლება. ამიტომ მოვითხოვეთ, რომ შეჩერებული ყოფილიყო. აუცილებელია, რომ ვიდრე დელიმიტაციის პროცესის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სტატუს კვო შენარჩუნებული იყოს, რადგან წყნარად და იმ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები, როგორც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებსა და აზერბაიჯანსა და საქართველს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება”, – განაცხადა ზალკალიანმა.