დავით ზალკალიანი - დავით გარეჯის საკითხზე სპეკულაციები ძალიან დამაზიანებელია
დავით ზალკალიანი - დავით გარეჯის საკითხზე სპეკულაციები ძალიან დამაზიანებელია

დავით გარეჯის თემა ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამ საკითხზე სპეკულაციები ძალიან დამაზიანებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მუშაობის ნორმალურ პირობებში გაგრძელების საშუალება მიეცეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას მოვუწოდო, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ამ საკითხზე სპეკულაციები ძალიან დამაზიანებელია. ამიტომ აუცილებელია, კომისიის ფარგლებში, კომისიას მიეცეს ნორმალურ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება. რაც შეეხება საკითხს, დელიმიტაციის თემა მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში ან რომელი თანამდებობის პირთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც გავდივართ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, იქ არის მთელი ჩამონათვალი და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ამ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა ვერ ხორციელდებოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა ვერ ხორციელდებოდა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, იმ სასაუბრო მასალაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სხვადასხვა ვიზიტების დროს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს საკითხიც შეტანილი იყო. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მიმდინარეობდა თუ არა მუშაობა ოფიციალური კომისიის ფარგლებში, ჩვენი ოფიციალური შეხვედრების დროს მუდმივად ვსაუბრობდით ამ თემატიკაზე და კარგია, რომ ორივე მხარეს არის პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, კომისიამ განაახლა მუშაობა, განახლდა მთლიანი შემადგენლობა, ორივე მხარეს არის პოლიტიკური ნება, რომ საქმიანობა გაგრძელდეს ამ ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მისი განმარტებით, პრეზიდენტს ვიზიტის დროს თემატიკას საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის.

„როდესაც პრეზიდენტი მიდის ვიზიტში, ვიზიტის თემატიკას ვაწვდით. ვიზიტის ფარგლებში სასაუბრო მასალას და თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, რა თქმა უნდა, ამას ვუმზადებთ ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა ზალკალიანმა კითხვაზე, დავით გარეჯის თემაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო თუ არა ხელისუფლებასთან შეთანხმებული.