დავით ზალკალიანი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხალხის არჩევანია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პოზიციის დაცვაში თანმიმდევრულნი ვიყოთ, დასავლეთის მხრიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება
დავით ზალკალიანი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხალხის არჩევანია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პოზიციის დაცვაში თანმიმდევრულნი ვიყოთ, დასავლეთის მხრიდან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა დასავლელი პარტნიორებისგან არ იგეგმება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მას არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა დაუდასტურა, რომ ისინი საკუთარი პოზიციის ერთგულნი არიან.

„მიუხედავად იმისა, როგორ წავა პროცესები, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმდიმდევრულნი. ჩვენი არჩევანია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და დაფიქსირებულია ჩვენს კონსტიტუციაში. ამიტომ, ჩვენ, როგორც მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანმიმდევრულნი ვიყოთ ამ პოზიციის დაცვაში. რევიზია არ იქნება, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, იმ შეხვედრების შედეგად, რომელიც მე მქონდა, ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ შეხვედრებს, რომელიც ბრიუსელსა და ბალტიის ქვეყნებში გაიმართა, არამედ ბრიუსელში ჩემს ვიზიტს წინ უძღვოდა სატელეფონო ზარები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მესაუბრა ტელეფონით და დამიდასტურა კიდევ ერთხელ, რომ არ იქნება არანაირი რევიზია. ეს მოხდა ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყებოდა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდა, საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, მან კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ისინი არიან თანმიმდევრულნი და მტკიცე პოზიციებში. ამიტომ, მე იმ კომუნიკაციის და მოლაპარაკების შედეგად, რაც მქონდა, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ისე ბრიუსელში ნატოელ პარტნიორებთან, გენერალურ მდივანთან, მის მოადგილესთან, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან თანმიმდევრულნი და არ აპირებენ ამ პოზიციიდან უკან დახევას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო, საერთაშორისო თანამეგობრობა არის ერთიანი.

„ერთ მხარეს დგას ცივილიზებული, ერთი პოზიციით მყოფი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, მეორე მხარეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებებს. აქ არის პრობლემა. ეს პრობლემა ახალი ხომ არ არის, ჩვენ ვნახეთ, როგორ იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, შემდგომ, როგორ განვითარდა მოვლენები ყირიმის ანექსიის კუთხით. ამიტომ, სამწუხაროდ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, ერთიანი პოზიცია, ამ პოზიციების თანმიმდევრულობა შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ არ მოჰყვება ამას ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სუვერენული სახელმწიფო ფუნდამენტურ უფლებას და შეილახება მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი