დავით ზალკალიანი - დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში
დავით ზალკალიანი - დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში

დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„თვალსაჩინოა და აღსანიშნავია გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთქმედება ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ღირებული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის ქმედებებს.

„განვიხილავთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ადგილი აქვს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას, მავთულხლართების აღმართვას, ადამიანების მკვლელობას. ეს ფაქტები ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. წელს ათი წელი გადის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ. სამწუხაროდ, გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია და 900 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი ავღანეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ავღანეთში გერმანიის საკონსულოს თანამშრომლების გადარჩენა, რისთვისაც საქართველოს მადლობა გადაუხადა.