დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება

დარწმუნებული ვარ, დღესაც, რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, ძალიან მყარი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალიტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს ბოლო დღეების განმავლობაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება.

აქ ძალიან პარადოქსულია თავად რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომელიც თვითონვეა ხელმომწერი იმ ფუნდამენტური საერთაშორისო შეთანხმებებისა, როგორის არის პარიზის ქარტია, ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების ადაპტირებული შეთანხმება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია და სადაც, ვიმეორებ, თვითონ რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსი. ახლა რუსეთის ფედერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარი თავის მხრიდან აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას, რაც ძალიან გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, თავდაყირა აყენებს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დღესაც რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, იქნება ძალიან მყარი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს ბუქარესტში. მას შემდეგ მრავალჯერ არის გამყარებული სხვადასხვა დეკლარაციით, მათ შორის ბოლო სამიტის გადაწყვეტილებით და დეკლარაციით. ასევე ბოლო მინისტერიალზე, რომელშიც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ეს არის წითელი ხაზი, არ გადაიხედება. მეტიც, ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ წელს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.