დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ღირსეულ პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, ღირსეულ პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა

მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ ის პირობები შეიქმნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში, თუ ცალკეული ინციდენტები არსებობს, გერმანული მხარე მოწადინებულია, რომ დაუყოვნებლივ იყოს აღმოფხვრილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კომუნიკაცის ჰქონდა გერმანულ მხარესთან და პრობლემა აუცილებლად გამოსწორდება.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. თუნდაც ის ფაქტი, რომ შესაძლებელი გახდა მათი ლეგალური დასაქმების კუთხით ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და ამ თვალსაზრისით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ეს ძალიან მისასალმებელია. ამ საკითხზე ჩვენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც ვსაუბრობთ – ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისრაელი. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. მესმის, რომ შესაძლოა, ხარვეზები იყოს, მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ გარკვეულწილად ის პირობები შეიქმნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში. ჩვენ მყისიერად დავუკავშირდით ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, გერმანიის საელჩოსთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი გერმანელი პარტნიორები არიან პირველ რიგში დაინტერესებული, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს არანაირი პრობლემა არ შეექმნას. თუ ცალკეული ინციდენტები არსებობს, ისინი მოწადინებული არიან, რომ დაუყოვნებლივ იყოს აღმოფხვრილი და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პატიოსანი, კეთილსინდისიერი შრომით ცდილობენ, დაეხმარონ გერმანიასაც და საკუთარ ოჯახებსაც, ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე აღმოიფხვრება და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ღირსეულ პირობებში განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ დარღვეულია მათი სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.