დავით ზალკალიანი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპე კოფოდის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოს გადაწყვეტილება, ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ იეპე კოფოდმა დაგმო რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.