დავით ზალკალიანი - ცივილიზებულ პროცესში დაბრუნების მომხრეა ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მათი მოწოდებაა, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში დარჩეს
დავით ზალკალიანი - ცივილიზებულ პროცესში დაბრუნების მომხრეა ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მათი მოწოდებაა, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში დარჩეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად იზიარებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში შედის ცხრა ოპოზიციური პარტია; პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც იყო უფრო პროპორციული, ვიდრე მაჟორიტარული; ჩატარდა არჩევნები, სადაც იყო გათვალისწინებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, გასწორდა მთლიანად სამართლებრივი ჩარჩო, ახალი კანონმდებლობა შეიქმნა და ოპოზიციას ასეთი რაოდენობა პარლამენტში არასდროს ჰქონია. ეს არის მათთვისაც კარგი შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში. პარლამენტი არის სწორედ ის ინსტიტუტი, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ყველა პრობლემაზე, იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რომელზეც ჩვენი პარტნიორებიც მიუთითებენ. ეს არის ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ ცივილიზებულ პროცესში დაბრუნების მომხრეა ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„ეს არის მათი მოწოდება, მათი სურვილი, რომ პროცესები დარჩეს პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა მინისტრმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელ პარლამენტარ პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.