დავით ზალკალიანი - ჩვენს მეგობრებს სურთ, საქართველო კვლავ მოწინავე ქვეყანა იყოს, მათი სურვილები სწორედ აქედან გამომდინარეობს
ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აქვთ სურვილი, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, იყოს კვლავ მოწინავე და განაგრძოს სვლა რეფორმების განხორციელების კუთხით, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტში გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას.
„მათი სურვილები სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარეობს. ამიტომ, მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. მათ უნდა განვუმარტოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ზოგიერთ ქვეყანს აქვს შერეული, ზოგს პროპორციული სისტემა, ზოგიერთ ქვეყანაში არის მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა. ამაში არაფერი ანტიდემოკრატიული არ არის და არც არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას“,-აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ხშირად პოლიტიკური პარტიები გარკვეულ საკითხებზე თანხმდებიან, თუმცა შემდგომ ვერ ხერხდება რეალიზაცია..
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ამ სიტუაციის გამო ქვეყანაში რადიკალური განწყობების გაზრდა, ვითარების ესკალაცია. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ამ სიტუაციიდან ისეთი მგომარეობა, რომელიც საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყნის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ეს კარგად უნდა გაითავისოს. სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან. ამიტომ სთავაზობს ხელისუფლება, რომ იმის მაგივრად, სიტუაცია წავიდეს რევოლუციური სცენარისკენ, ქუჩაში დაპირსპირებისკენ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა დარჩეს ყველა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. დიალოგის სივრცე არსებობს და ეს დიალოგი უნდა გადავიდეს პარლამენტში. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ესკალაციას, პოლარიზაციას, რადიკალიზაციას არაფერი კარგი არ მოაქვს ქვეყნისთვის“,-აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.