დავით ზალკალიანი -  ჩვენი სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ქვეყანას აძლიერებს
დავით ზალკალიანი - ჩვენი სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ქვეყანას აძლიერებს

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ახალი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს.

„ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ისმის ასეთი განცხადებები. ნატო-ს სამიტის წინ და შემდგომაც იყო მსგავსი განცხადება. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. ეს არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციებით. ეს არის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტი და აუცილებლად გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. ჩვენი სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ აძლიერებს ქვეყანას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და სახელმწიფოებრიობას“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი