დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშშ, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე
დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშშ, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე

ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებ,- ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია. მოყოლებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშშ, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, როგორც მთელს მსოფლიოში თავისუფლების დამცველი, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, ისე, როგორც არასდროს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა, ისე როგორც არასდროს, უმაღლეს ნიშნულზეა და ხელშესახები შედეგები გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითად მიმართულებაზე – თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი კავშირები და კულტურული გაცვლები.

როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და სანდო მოკავშირეს ჩვენ გვაქვს აშშ-ს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც თავისი შინაარსითა და თვისობრიობით უპრეცედენტო ხასიათის დოკუმენტში „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“, – აცხადებს ზალკალიანი.

მისივე თქმით, აშშ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს სანდო პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეა. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთის მისიაში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ფასდაუდებელია მათი წვლილი და როლი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებაში.
არ შეიძლება, არ აღვნიშნო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ახალგაზრდებისადმი და ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სახით ამერიკა იჩენს ჩვენი მომავალი თაობისადმი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ რა სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის გლობალურ პანდემიასთან გამკლავების კუთხით.

მჯერა და მწამს, მტკიცე ფუნდამენტით გამყარებული, მომავალის ენერგიით სავსე ეს მეგობრობა და პარტნიორობა ურყევია!“, – აღნიშნულია დავით ზალკალიანის მილოცვაში.