დავით ზალკალიანი - ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე
დავით ზალკალიანი - ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მექნება სხვა შეხვედრებიც ნატოს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას, რათა შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან და ჩემი სატელეფონო საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მან გადმომცა ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და ბრიუსელში გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი