დავით ზალკალიანი - ჩვენი მოლოდინია, რომ ნატო-ელი პარტნიორების და მათ შორის თურქეთის მხრიდან, საქართველოს ექნება მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში
დავით ზალკალიანი - ჩვენი მოლოდინია, რომ ნატო-ელი პარტნიორების და მათ შორის თურქეთის მხრიდან, საქართველოს ექნება მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში

რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა. ბუქარესტში მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, იყო ერთი თვის წინ ანკარაში გამართული შეხვედრის ერთგვარი გაგრძელება.

„ერთი თვის წინ შევხვდით ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს, როდესაც მე ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი თურქეთში. დღევანდელი შეხვედრა იყო ერთგვარად გაგრძელება ჩვენი იმ შეხვედრის. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმ დინამიურად სწრაფად ცვლადი გარემოებიდან გამომდინარე, ეს მოითხოვს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის მუდმივ კომუნიკაციას და კოორდინაციას. ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრაც ამ თვალსაზრისით იყო გამოყენებული.

ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. იყო საუბარი ასევე რეგიონში, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ გეოპოლოტიკურ სიტუაციასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ანკარაში ვიზიტის დროს საუბარი იყო სხვადასხვა ფორმატებზე, მათ შორის იმ ფორმატებზე, რომელიც იყო შემოთავაზებული, თუმცა ჩვენს თურქ პარტნიორებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ჩვენი პოზიცია, რომელიც მე დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორე და იგივე პოზიციაზე რჩება საქართველო. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიყოთ ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს და მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს, რაც არის დაკავშირებული სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს მომავალი სამიტი. მისივე თქმით, მათი მოლოდინია, რომ ნატო-ელი პარტნიორების და მათ შორის, თურქეთის მხრიდან საქართველოს ექნება მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

„კიდევ ერთხელ, დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი თურქი კოლეგის მხრიდან იყო გამოხატული მხარდაჭერა იმ პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ სამ სამხრეთ კავკასიის ქვეყანას – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომ ვისაუბროთ სხვადასხვა კონკრეტულ პროექტებზე, ეკონომიკურ პროექტებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ თანამშრომლობის ფორმატებზე, ხალხთა შორის ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციაზე და ა.შ. ანუ კონკრეტული იდეის გარშემო აიგოს ეს თანამშრომლობა, რომელსაც შემდგომ შესაძლებელია, შემოუერთდნენ ასევე ჩვენი პარტნიორები. ეს იდეა ძალიან მხარდაჭერილი და მოწონებულია ჩვენი თურქი პარტნიორების მხრიდან.

ვისაუბრეთ ასევე დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებზე და ბუნებრივია უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. ასევე ავღანეთში დასრულებული მისია, რომელშიც ჩვენ ნატო-ელ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან ერთად ვიყავით შესული და პროცესი ამჟამად იწყება გამოყვანის. ჩვენ ერთად შევედით, ერთად გამოვდივართ. აქაც საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ყველა ჩვენს პარტნიორთან და, რა თქმა უნდა, თურქეთთან. ვისაუბრეთ ასევე ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ივნისში გაიმართება. ჩვენი მოლოდინია, რომ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების და მათ შორის, თურქეთის მხრიდან საქართველოს ექნება მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ბუნებრივია, ის შესაძლო ფორმატები, თუ შესაძლო თანამშრომლობის გზები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გამოიკვეთოს, იყო ჩვენი დღევანდელი დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვია, სადაც თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში.