დავით ზალკალიანი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

22-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში განხილულ იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

ვიზიტს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად, მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ქვეყნის შიდა და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.