დავით ზალკალიანი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად, ამის თქმის საფუძველს მაძლევს განცხადებები, რომლებიც გვესმის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან  
დავით ზალკალიანი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად, ამის თქმის საფუძველს მაძლევს განცხადებები, რომლებიც გვესმის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან  

არ მაქვს ილუზია, რომ ამ პირველი ორი-სამი მოლაპარაკების შედეგად, რუსეთი რადიკალურად შეიცვლის პოზიციას და გახდება თანმიმდევრული საკუთარ მიდგომებში საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მიმართ, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს არის გამოცდა ასევე დასავლეთის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები იყვნენ ერთიანი.

„დიპლომატიური მოლაპარაკები ხანგრძლივი პროცესია. ეს დღეს დაიწყება, უნდა გაგრძელდეს, რასაც შესაძლოა, მოყვეს რიტორიკის გამძაფრება გამომდინარე ტაქტიკური მოსაზრებებიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შესაძლო სცენარისთვის არიან მზად და ამის თქმის საფუძველს მაძლევს განცხადებები, რომელიც გვესმის როგორც ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ამ პოზიციას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიც იყო გუშინ სენატორების ერთობლივი მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, სადაც საუბარია საქართველოსა და უკრაინაზე. როდესაც რუსეთი ცდილობს, შეიტანოს გარკვეული დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს შორის, ეს ძალიან გულუბრყვილო დამოკიდებულებაა. ფაქტია, რომ ნატო ეს არის ალიანსი, რომელშიც აშშ-იც შედის და სადაც შტატების როლი, ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ეჭვი არ მეპარება, რომ ალიანსი იქნება მტკიცე, ისინი აჩვენებენ ერთიან პოზიციას და იქნებიან თანმიმდევრული, ისინი ბოლომდე დაიცავენ იმ პოზიციას, საერთოდ რაზეც არის დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. ამ პოზიციებიდან უკან დახევა იქნება სერიოზული დარტყმა საერთო გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე სისტემაზე“, – განახცადა დავით ზალკალიანმა.