დავით ზალკალიანი - ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი, ნატო-ს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება
დავით ზალკალიანი - ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი, ნატო-ს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა დღევანდელ მინისტერიალზე ისაუბრებენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და იმის შესახებ, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ყველა აღიარებს და ერთხმად ამბობს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და რომ საქართველო ფაქტობრივად მოქმედებს უკვე როგორც მოკავშირე.

„სამოქმედო გეგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ მიმართულებითაც ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა ფაქტობრივად სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან და ყველაზე აქტუალურ ელემენტებს შეიცავს. აღიარებულია ისიც, რომ სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი. პრაქტიკულად, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი – წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი ქმედებებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, თანმიმდევრულობით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის თანმიმდევრული პოლიტიკით ვაახლოვებთ ამ პროცესს. სწორედ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.