დავით ზალკალიანი - ჩვენ ვიქნებით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც გაითვალისწინებს ორგანიზაციის ყველა წევრის ინტერესებს
დავით ზალკალიანი - ჩვენ ვიქნებით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც გაითვალისწინებს ორგანიზაციის ყველა წევრის ინტერესებს

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ორგანიზაციის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იყოს სათანადო რეაგირების დონეზე.

„სიმბოლურია, რომ ეს მოვლენა ევროსაბჭოში ჩვენი გაწევრიანების 20 წლისთავს ემთხვევა. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე, რათა ყველა გამოწვევა იყოს სათანადო რეაგირების დონეზე, ისე როგორც შეეფერება თავმჯდომარეობას. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ამ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებით, მისი წესდებით და ვიქნებით თავმჯდომარე, რომელიც გაითვალისწინებს ორგანიზაციის ყველა წევრის ინტერესებს. ბუნებრივია, ჩვენ როგორც თავმჯდომარეს, გვექნება პრიორიტეტები. საქართველოს დელეგაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემის წინ წამოწევას და მუდმივ აქტუალიზაციას“, – განაცხადა ზალკალიანმა.