დავით ზალკალიანი - ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებში
დავით ზალკალიანი - ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებში

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში. ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატო-სთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში იმყოფება.

მისი თქმით, 2019 წელი უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაში.

„არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ, თუნდაც თავდაცვის კომიტეტისა და ნატო-საქართველოს კომისიის საბჭოს ვიზიტის საქართველოში. თუნდაც ის წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებში, ნატო-ს შესაბამის განცხადებებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთავარია, რომ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მომწიფებული.

„ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თავისი საბოლოო მიზნის, წევრობის მისაღწევად. მაგრამ, მთავარია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მომწიფებული. გვესმის კარგად, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ არის. ეს ბევრი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გამო ხდება. მიუხედავად ამისა, ეს არ უნდა იყოს ფაქტორი იმისა, რომ საქართველომ არ გააგრძელოს ინტენსიური ძვრა წევრობის მიმართულებით, რასაც ჩვენ მომავალ წელს აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიცემული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და შავი ზღვა თანდათანობით ხდება ნატო-ს განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონი; ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამისი სამიტის გადაწყვეტილებაში. უკვე დავიწყეთ ამ სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზაცია. ის ოთხი-ხუთი მიმართულება, რომელიც ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებებშია, უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნება, რაც არის გამოხატული ნატო-ს საზღვაო ხომალდების საქართველოში გახშირებული ვიზიტებით, მეტი ნატო-ს ყოფნით საქართველოში, ერთობლივი წვრთნებით, ასევე ინფორმაციის გაცვლით, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში. ამიტომ, ეს მიმართულებები იქნება 2020 წელს ნატო-ში ინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები“, – განაცხადა ზალკალიანმა.