დავით ზალკალიანი - ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა ევროპელი პარტნიორების მხრიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ იცის, რას ეფუძნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
მისი თქმით, ბევრ ყოფილ ჩინოსანს და ყოფილ ევროპარლამენტარს შეიძლება სხვადასხვა სახის ინფორმაცია აქვს, რომელიც არასრულყოფილ ინფორმაციას ეფუძნება.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია. მე არ ვიცი, მისი განცხადება რას ეფუძნება. ალბათ, იმ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ისინი სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. მე ვიცი, რა არის ოფიციალური ბრიუსელისა და ევროპარლამენტის პოზიცია. ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია არის მხარდაჭერა ჩვენი რეფორმების, როგორც ეკონომიკური, ისე თავდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავების კუთხით. ეს იყო აღიარებული იმ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. ასევე, ოფიციალური ევროპარლამენტის პოზიცია გამოიხატა სულ ცოტა ხნის წინ იმ რეზოლუციასა და იმ მხარდაჭერაში – 500-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ბევრ ყოფილ ჩინოსანს და ასევე ყოფილ ევროპარლამენტარს შეიძლება სხვადასხვა სახის ინფორმაცია აქვს, რომელიც ეფუძნება არასრულყოფილ ინფორმაციას. ერთი რამე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.