დავით ზალკალიანი - ჩვენ არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ ნატო-ში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი
დავით ზალკალიანი - ჩვენ არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ ნატო-ში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი

2008 წლიდან დაწყებული დღემდე, არ ყოფილა ნატო-ს არცერთი სამიტი, სადაც არ ყოფილიყო დებულება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ არსად არ გვითქვამს, არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ საქართველო მიიღებდა დოკუმენტს, სადაც საუბარი იქნებოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ნატო-ში ინტეგრაციაზე. ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენლის განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ეს მაღალი მოლოდინები იყო შექმნილი ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფასა.

მისი თქმით, ბრიუსელის სამიტის დასკვნით დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს მიმართ ალიანსის მიერ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს და დაეხმაროს ალიანსში გასაწევრიანებლად.

„ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაციულ პროცესთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო. ხელახლა არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა MAP-ი არის მოხსენებული, როგორც მისი შემადგენელი ინტეგრაციული ელემენტი. განსხვავებით წინა სამიტებისგან, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზეც იყო საუბარი და რომელიც პირველად გაჩნდა უელსის სამიტის დროს, არის ცალკე გაშიფრული. საუბარი არის ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, ნატო-საქართველოს კომისიაზე, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, ანუ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტზე რაც საქართველოს გააჩნია გაწევრიანების გზაზე სამოქმედო გეგმასთან ერთად. პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი ხდება სამოქმედო გეგმა, რომელიც დადგება გაწევრიანებასთან ერთად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანმა ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.