დავით ზალკალიანი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ბევრი საერთო გვაქვს
დავით ზალკალიანი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ბევრი საერთო გვაქვს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ბევრი საერთო გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში განაცხადა, სადაც საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი.

დავით ზალკალიანის თქმით, ოქმზე ხელმოწერა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ამ მიმართულებით იყო გარკვეული სამართლებრივი საკითხები და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იდგა. ამით იყო განპირობებული, რომ ჩვენ არ გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა ქვეყანასთან, რომელიც არის საქართველოს მხარდამჭერი, ბევრი საერთო გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ჩრდილოეთ მაკედონიიდან ოქმზე ხელმოწერას, რომელიც მათ უხსნის გზას ნატო-ს წევრობისკენ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მათთვის, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და კოორდინაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა.