დავით ზალკალიანი - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობასა და როლს, რომელსაც ჩინეთი საქართველოს ანიჭებს
დავით ზალკალიანი - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობასა და როლს, რომელსაც ჩინეთი საქართველოს ანიჭებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას და როლს, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოსთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა.

როგორც ზალკალიანმა შეხვედრაზე მისასალმებელი განცხადებისას აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეიძლება ითქვას,  ისტორიულია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბოლო 23 წლის განმავლობოში ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ჩვენი ურთიერთობები მართლაც უაღრესად დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანი წვლილი და უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ვიზიტი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც 26 მაისს აღვნიშნავთ. შარშან 100 წელი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა და ვფიქრობ, ეს თარიღიც კიდევ ერთხელ განსაზღვრავს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის წლების პერიოდში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო დიდ პატივს სცემს ჩინეთს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში.

„ჩვენი თანამშრომლობა სამაგალითოა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან ი საქართველოს გუშინ ეწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთანაც გამართავს. შეხვედრებზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილება.