დავით ზალკალიანი - ჩინელი პარტნიორების მხრიდან არის მზაობა, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა გავააქტიუროთ
დავით ზალკალიანი - ჩინელი პარტნიორების მხრიდან არის მზაობა, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა გავააქტიუროთ

ჩინელი პარტნიორების მხრიდან არის მზაობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობა გააქტიურდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში პრიორიტეტული მიმართულებები სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობები, ინვესტიციების გაზრდა და კომუნიკაციები იყო.

მინისტრის განცხადებით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსაც. ასევე, შეხვედრებზე ჩინეთის საგარეო უწყებებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამშვიდობო ინიციატივები გააცნეს.

„ჩინელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მომავალში განსაკუთრებით გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობა. ამ მხრივ, ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ჩვენ გასულ წელს გვქონდა ერთი მილიარდი სავაჭრო ბრუნვა. ჩინეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული აგროპროდუქტისთვის. ამ მიმართულებით მომავალში ჩვენი მეწარმეები, როგორც კერძო კომპანიები გაააქტიურებენ თანამშრომლობას და ჩვენ სახელმწიფო ყველანაირად დავეხმარებით, შევქმნით პირობებს, რომ ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის რეალიზება მოხდეს. გარდა ამისა, არის მზაობა ჩინეთის მხრიდან, რომ ინვესტიციების კუთხითაც ვისაუბროთ ახალ ინიციატივებზე. ასევე ჩვენი ჩინელი პარტნიორებისთვის „აბრეშუმის გზის“ კონტექსტში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უკეთ გამოყენება პრიორიტეტია“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

მინისტრის განმარტებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში დინამიკა მზარდი გახდა, ასევე ჩინეთი დაინტერესებულია შესაძლებლობებით, რომელიც აქვს საქართველოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის მიმართულებით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.