დავით ზალკალიანი - ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით ამაყობს, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ პირველად გახდა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე
დავით ზალკალიანი - ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით ამაყობს, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ პირველად გახდა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ზალკალიანმა სიტყვის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს, ლილიან მორიპასკიეს ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ ჰენდრიკ დამსს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ეფექტიანი ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს  მომდევნო წლებში მასზედ დაკისრებული სამუშაოს წარმატებით შესრულებას“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მისთვის დიდი პატივია და საქართველოც განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, პირველად გახდა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

„დღეს მაქვს პატივი, საპარლამენტო ასამბლეასთან განვაგრძო ის დიალოგი, რომელიც გასული წლის ნოემბერში, მუდმივმოქმედ კომიტეტთან მოსაზრებათა გაცვლით დაიწყო. ჩემთვის პატივია და ჩემი ქვეყანაც განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, საქართველო პირველად გახდა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. შარშან, ჩვენ ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავი აღვნიშნეთ. ამ ორგანიზაციის დაარსება წარმოადგენდა პირველ მცდელობას, ევროპას ერთობლივად გადაედგა ნაბიჯი მშვიდობიანი და წარმატებული თანაარსებობის ხელშესაწყობად და ქვეყნებს შორის კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შექმნიდან 70 წლისთავს. ეს არის უნიკალური და სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც ზედამხედველობას უწევს დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო და რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას. მან შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც უნიკალურია და წარმოადგენს ევროპული თანამშრომლობის საყრდენს, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. იმედი მაქვს, რომ ახალ ათწლეულში, ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთივე მტკიცე ნება გვექნება, როგორიც, 70 წლის წინ, ამ კონვენციის შემქმნელებს გააჩნდათ“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა ჰოლოკოსტის 75 წლისთავთან დაკავშირებით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„75 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, ოსვენციმ-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის ყველა მსხვერპლს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში შეძლონ ჰოლოკოსტის  გაკვეთილის გააზრება, ხოლო ჩვენ კი გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა მომავალმა თაობებმა ისწავლონ განსხვავებულობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ასამბლეის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდის პრიორიტეტები, რომლებიც სურთ, დღის წესრიგში აისახოს.

ზალკალიანის თქმით, „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ წარმოადგენს იმ პრიორიტეტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, სურს ამ ორ განზომილებას შორის არსებული ურთიერთკავშირი წარმოაჩინოს.

„თქვენ უკვე გადმოგეცათ 2019 წლის ოქტომბრის სესიის  შემდეგ მინისტრთა კომიტეტის  საქმიანობისა და გადაწყვეტილებების ამსახველი წერილობითი ანგარიში. ამ ანგარიშის მთავარი პუნქტების განხილვამდე, მოკლედ გაგაცნობთ საქართველოს თავმჯდომარეობის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც გვინდა, დღის წესრიგში ავსახოთ. „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ წარმოადგენს იმ პრიორიტეტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, სურს ამ ორ განზომილებას შორის  არსებული ურთიერთკავშირი წარმოაჩინოს. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვა თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტად პირველად განისაზღვრა. ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის  არსებული ურთიერთკავშირის უარყოფა მართლაც შეუძლებელია.

გვსურს, ევროპის საბჭოს ამ სფეროში უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდოთ. ასევე გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებში უფრო ფართოდ უნდა დაინერგოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგიერთი დებულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მნიშვნელობით), როგორც ეკოლოგიური ზიანის შედეგებისგან ადამიანებისა და საზოგადოებათა დაცვის ინსტრუმენტი. ცნობიერების ასამაღლებლად იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოსდაცვითი პრობლემები ადამიანის უფლებებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ აისახება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემები გარემოს დაცვაზე, საქართველო, თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზებას გაუწევს ორ მაღალი დონის კონფერენციას. ეს კონფერენციები ჩატარდება სტრასბურგში, 2020 წლის 27 თებერვალს და 9 აპრილს. ასამბლეამ  მოწინავე როლი შეასრულა გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ჩვენ უაღრესად დავაფასებთ თქვენს მონაწილეობას ამ და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება. ერთობლივი ძალებით, შეგვიძლია შესაბამისი ცვლილების განხორციელება და ამ საკითხისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგი პრიორიტეტია.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა მოითხოვს  კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოების დიალოგის დაწყებას და უმნიშვნელოვანესია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით. ეს დაგვეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის, რწმენის გაძლიერებასა და, ზოგჯერ, აღდგენაში. 2020 წლის 6 მარტს, საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც  ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული ჩართულობის სასარგებლო და ნოვატორულ გამოცდილებას განიხილავს. კონფერენცია ასევე აღნიშნავს არასამთავრობო  ორგანიზაციების მსოფლიო დღეს (28 თებერვალი)“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნა საქართველოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია, შესაბამისად ეს საკითხი საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„გვწამს, რომ ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა ბავშვის საჭიროებებსა და უფლებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ჩვენი მიზანია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებული სტანდარტების პოპულარიზაცია და ამ სფეროში საქართველოს გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება.  სწორედ ამიტომ, 23 მარტს, საქართველო გამართავს მრგვალ მაგიდას – „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“. კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს და წაახალისებს წევრ სახელმწიფოებს, იმსჯელონ და განიხილონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემებთან დაკავშირებული გამოცდილება, ბავშვის უფლებათა დაცვის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და  ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის გაძლიერებაზე განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით.

„საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ხარისხიან და ინკლუზიურ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ  განათლებას და უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცულ სასწავლო გარემოს. საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია განათლების პოლიტიკის საკითხებზე მრჩეველთა ქსელის (EPAN) მუშაობისა   და „დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“ ევროპის საბჭოს ქარტიის განხორციელების ხელშეწყობა.

ამასთან, 2020 წლის მარტში გაიმართება მრგვალი მაგიდა: „დემოკრატიის გაძლიერება განათლებისა და კულტურის მეშვეობით“. საქართველოს თავმჯდომარეობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპულ საზოგადოებებში ახალგაზრდების სრულფასოვან და კონსტრუქციულ მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩვენი პრიორიტეტების შესაბამისად, გასულ კვირას გაიმართა მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა – აზრთა გაზიარება ახალგაზრდობის სექტორით დაინტერესებულ მხარეებთან „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ კონკრეტული გზების განსახილველად.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია, რასაც გულწრფელად მივესალმებით. ახალგაზრდობის სექტორში, საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდების შრომის ხარისხის განვითარებას. ჩვენ ასევე კვლავაც მხარს დავუჭერთ ძალისხმევას „არა სიძულვილის ენას – მოძრაობის“  ახალგაზრდული კამპანიის განხორციელების მიზნით.

მინდა, ყურადღება გავამახვილო კონფერენციაზე „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ რომელიც ჩატარდა თბილისში, 2019 წლის დეკემბერში, საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოს პარლამენტის თანა-ორგანიზებით. კონფერენციის განხილვის თემას წარმოადგენდა იმ ქვეყნების პოზიტიური მაგალითები, რომლებიც ინარჩუნებენ და განამტკიცებენ თავიანთ დიასპორასთან ურთიერთობას, და ამ მიმართულებით საქმიანობის გაუმჯობესების გზები. დიასპორის ჩართულობის სტრატეგიები  განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რაც დამოკიდებულია მათ მიზნებსა და მისწრაფებებზე. შესაბამისად, კონფერენციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. და ბოლოს, საქართველო უმასპინძლებს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სხდომას თბილისში, 2020 წლის 14-15 მაისს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.