დავით ზალკალიანი - ჩეხეთს საქართველოს მიმართ აქვს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით
დავით ზალკალიანი - ჩეხეთს საქართველოს მიმართ აქვს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით

ჩეხეთს საქართველოს მიმართ აქვს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრშიჩეკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში ჩეხეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა უაღრესად პოზიტიურად და დინამიურად იცვლება, რასაც ხელს უწყობს ის ისტორიული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ქვეყნებს შორის მუდმივად არსებობდა.

„ვაფასებთ ჩეხეთის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არც ერთი პრობლემური საკითხი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მყარი პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებშია, ეკონომიკური მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკის სფეროში კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით. აუცილებელია, ამ პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტი აქტიური ჩართულობა, რომ ბიზნეს შორის ურთიერთობა წავახალისოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ძირითად გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელიც არსებობს რეგიონში კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე ჟენევის ფორმატში განვითარებულ პროცესებზე და იმაზე, რომ აუცილებელი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ამის მიუღებლობაზე , რომ ამას ჩვენ აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ და განსაკუთრებული აქცენტები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გავაკეთოთ. ყველა საერთაშორისო ფორუმზე აქტიურად იყოს წამოწეული ადამიანის უფლებების დარღვევის თემები, განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებთან მიმართებაში. საუბარი იყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ჩვენ ევროკავშირის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს, რაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გამოიხატა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხვალ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იწყება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ვმასპინძლობთ. ასევე სტუმრად გვეყოლება ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ ამ კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ის მნიშვნელოვანი როლი და წვლილი, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების პროცესში მიუძღვის. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.