დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ესაუბრა
დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკისთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო, გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე და დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.

„აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა იმ შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მიმდინარე პროცესებს შეიძლება, მოჰყვეს საქართველოსთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა, რომ კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რასთან გამკლავებაც უწევს საქართველოს და გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი.

საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში წარდგენილი გაწევრიანების განაცხადის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოელის პარტნიორთა მხარდაჭერას ამ მიმართებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.