დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის წარმატებულ და ინტენსიურ საპარლამენტო თანამშრომლობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით.

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ნატო-ს სამშვიდობო მისიებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ვითარების დეესკალაციის, ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფისკენ.

მხარეები შეხვედრაზე ასევე შეეხნენ გლობალურად არსებულ გამოწვევებს და აღნიშნეს მათ დასაძლევად აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.​