პირველ რიგში, მინდა, შევაფასო ვიზიტი, როგორც უაღრესად წარმატებული და დატვირთული, როგორც შეხვედრების რაოდენობით, ისე შინაარსობრივად. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი განხორციელდა პანდემიის პიკის პირობებში ევროკავშირში, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თემატიკა ევროკავშირისთვის, ასევე ნატო-სთვის და რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, არ დარჩენილა არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ფიზიკურად ბრიუსელში იმყოფებოდა, ვისთანაც ქართულ მხარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, არ ჰქონდა შეხვედრა.
„არ დარჩენილა არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისთანაც ჩვენ არ გვქონდა შეხვედრა. ყველა, ვინც კი ფიზიკურად იმყოფებოდა ბრიუსელში ამ ეტაპისთვის, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირთან იყო შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ევროკომისიის პრეზიდენტისა, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ასევე კომისიის ვიცე-პრეზიდენტისა, ისევე, როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა შეხვედრა ცხრა ევროკომისართან. ფაქტიურად, ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის და მნიშვნელობის ვიზიტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ და გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ამ ვიზიტისგან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უაღრესად მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას და იმ შესრულებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა ახორციელებს ყველა მიმართულებით, ნატო-სთან მიმართებაში. მისივე თქმით, ნატო-ში საბოლოო ინტეგრაციის კუთხით უახლესი ნაბიჯი იქნება ერთობლივი პაკეტის განახლება.
„რაც შეეხება ნატო-ს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უაღრესად მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას და იმ შესრულებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა ახორციელებს ყველა მიმართულებით, კერძოდ, პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების კუთხით, ასევე ჩვენი კონტრიბუციით ავღანეთში ნატოსთან ერთად სწრაფი რეაგირების ოპერაციაში და აღინიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საქართველოს, რაც კიდევ უფრო აადვილებს ჩვენს მისვლას საბოლოო მიზნამდე, რაც არის წევრობა. ერთი მომენტი, რომელიც ახალია როგორც ევროკავშირისთვის, ისე ნატო-სთვის, არის შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვის რეგიონი და საქართველოს ადგილის და ფუნქციის განსაზღვრა შავი ზღვის რეგიონში. ორივე მიმართულებით შეხვედრას ეს მთავარ ლაიტმოტივად გასდევდა. ნატო-ს მიმართულებით საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი გარანტორი შავი ზღვის რეგიონში და აღინიშნა, რომ აუცილებელია მეტი ნატო საქართველოში. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ სხვადასხვა საპორტო ვიზიტები, „პორტ ქოლები“, როგორც ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები უწოდებენ, რაც მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო წვრთნები ნატო-ს ეგიდით ჩატარებული, რაც ასევე მომავალში გაგრძელდება და რაც მნიშვნელოვნად დაგვაახლოებს ჩვენ საბოლოო წევრობასთან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული განზომილებითაც, თანამშრომლობის კუთხით, მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა და ასევე, ერთ-ერთი უახლოესი, რასაც ჩვენ ველით ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით არის ერთობლივი პაკეტის განახლება, რაც ასევე პრაქტიკული ნაბიჯი არის საბოლოო ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გენერალურმა მდანმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.
„საუბარი შეეხო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, განმტკიცებას. იხილეთ თქვენ გენერალური მდივნის ძალიან მაღალი შეფასება ამ მიმართულებით. ეს მან ახსენა ძალიან მკაფიოდ, როგორც შიგნით შეხვედრაზე, ისე საჯაროდ, ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, ისე, როგორც ეს არის გაწერილი ეუთო-ს სტანდარტებსა და პრინციპებში. უმაღლესი შეფასება მივიღეთ იმ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ისე როგორც ეუთო-ს და ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით, ამიტომ, თამასა აქვს საქართველოს უმაღლეს დონეზე აწეული, აქედან გამომდინარე მოლოდინიც არის და ეს ასეც იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, ეს არჩევნები იქნება უპრეცედენტოდ დემოკრატიული, გამჭვირვალე და შესაბამისი საერთაშორისო და დემოკრატიული სტანდარტების. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნები უჩვეულო გარემოში, პანდემიის პირობებში ტარდება, აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რადგანაც საქართველომ ფაქტიურად უკვე უზრუნველყო, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრონ ამ არჩევნებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები, კორონავირუსის გათვალისწინებით.
„ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა გატარებული, როგორც ეუთო/ოდირის მიმართულებით ისე, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ყველა შესაბამისი პროტოკოლი არის შემუშავებული იმისთვის, რომ იმ დამკვირვებლებს, როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდეთ პანდემიის გამო და მიეცეთ შესაძლებლობა, პირველ რიგში უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ როგორ უსაფრთხოდაც ჩამოვლენ ისე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში და მიეცეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს და დადონ ობიექტური შეფასება. იცით თქვენ, რომ ეუთო – ოდირის მისიამ უკვე დაიწყო დაკვირვების პროცესი ასევე, IRI და NDI სხვადასხვა ფორმებით უკვე დისტანციურად ახორციელებენ დაკვირვების პროცესს. ჩვენ ასევე, გამოვხატეთ პოზიცია, რომ მზად ვართ თუ კი ლოჯისტიკურად პრობლემები შეიქმნება სპეციალურ ფრენებს გავუკეთოთ ორგანიზება იმისთვის, რომ გავუადვილოთ იმ პირობებში, როდესაც რეგულარული ფრენები მთელი ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ჩამოვიყვანოთ ისინი სპეციალური რეისით და ამით ასე ვთქვათ მათ არანაირი ტექნიკური ხასიათის პრობლემა არ შექმნათ. ასე, რომ კიდევ ერთხელ ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ის მთელი წინა პერიოდი, რომელიც ხელისუფლებამ ძალიან ეფექტიანად გაიარა და ასევე მოლოდინი არის, რომ ეს იქნება დემოკრატიული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა პრემიერის ვიზიტის შეფასებისას.