დავით ზალკალიანი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდება
დავით ზალკალიანი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდება

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტერიალის დასრულების შემდეგ ​ევროპარლამენტარებთანაც გამართავს შეხვედრას.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ევროპის გაფართოების პოლიტიკა და პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაახლოებით მიმართულებით აქვს.

„დეტალურად ვისაუბრეთ სხვა ძირითად მიმართულებებზეც, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური და თავად ევროპაში მიმდინარე პროცესები, განვითარება, რაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან მომდინარეობს ევროპის გაფართოებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, რომ ჩვენი განხილვის თემა არ იყოს, რადგან ჩვენ, როგორც წარმატებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ვითხოვთ საქართველოს პროგრესის ასახვას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებასაც, რომლის თანახმადაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა გადასულიყო და რომლის მიღებაც პარლამენტმა ვერ შეძლო.

კითხვაზე, როგორ განმარტავს ევრპარლამენტარებთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხს, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ის, როგორც მთავრობის სხვა წევრები, ცვლილების გატარებას ემხრობოდა.

„მე აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პათოსს, რომელიც მან გააკეთა. ბუნებრივია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მთავრობის წევრები, ვემხრობოდით იმას, რომ მიეღო პარლამენტს ეს რეფორმა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა. გვაქვს ეს მოცემულობა და აუცილებელია, რომ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში, გაგრძელდეს საუბარი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არა საკუთრი პოლიტიკური ინტერესებიდან. სწორედ ამ კონტექსტში მექნება მე საუბარი“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.