დავით ზალკალიანი ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრ უნითი დოუს ხვდება

15:30, 03.06.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრ უნითი დოუს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნითი დოუ საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბოტსვანის დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას.

ამასთან, უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოტსვანის დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.

მსგავსი