დავით ზალკალიანი - ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე
დავით ზალკალიანი - ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„დღეს დიდი ევროპული ოჯახი ევროპის დღეს – ანუ ევროკავშირის დაფუძნების იდეას ზეიმობს! საქართველო, როგორც ისტორიულად ევროპული ოჯახის წვერი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს. ოდითგანვე საქართველოს უნიკალური წვლილი შეჰქონდა ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის დამცველად. სწორედ ეს – საერთო ღირებულებები – განაპირობებს ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდება წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად; ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში; სახეზეა მზარდი დინამიკა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში; საქართველო ჩართულია რეგიონისთვის საკვანძო სტრატეგიულ პროექტებში და ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურ გამოყენებას ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებითობის იდეის განხორციელების სახით;

ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი; ღრმავდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში; გრძელდება ევროკავშირის სააგენტოებთან და პროექტებთან დაახლოება; ფართოვდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში; საქართველო კვლავ მოწინავე ადგილზეა განათლების სფეროში ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ, კერძოდ კი ERASMUS პროგრამაში ჩართულობის თვალსაზრისით, რაც ქართველ სტუდენტებს დიდ შესაძლებლობებს უქმნის. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

მთავრობის სწრაფვა – 2024 წელს მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ამბიციურ გეგმებს- – მაქსიმალური გავაკეთოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებისათვის, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გააუმჯობესებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურობას, განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული მოქალაქის უფლებებსა და დაცულობას.

არ შემიძლია, ევროპის დღეს, განსაკუთრებით არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს საქართველოს გლობალური პანდემიის და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში. დღეს ევროპას სჭირდება გამოწვევების წინააღმდეგ ძლიერი და მედეგი საქართველო. საქართველოს ევროპული იდენტობის გზაზე, ჩვენი ისტორიული თავდადების, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევის შესახებ, ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უმასპინძლებს ევროპის დღეებს, რა დროსაც ვირტუალურ ფორმატში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს! ევროპული იდეა უკვდავია!“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის მიმართვაში.

დატოვე კომენტარი