დავით ზალკალიანი - ბევრი შეურაცხყოფისა და ცრუ ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენი დიპლომატები ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეების დახმარებას
დავით ზალკალიანი - ბევრი შეურაცხყოფისა და ცრუ ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენი დიპლომატები ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეების დახმარებას

საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო იმ სიტუაციის შესახებ, რომელზეც დღეს ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოზე საუბარი. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა საზღვარგარეთის ქვეყნებში. დღეის მდგომარეობით, როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მოვახსენე, 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს, როგორც საცხოვრებლით, საკვებით ისე ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოება იცოდეს ზუსტად ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე.

„სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი. ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას იმ არსებული რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, რა რესურსიც არის გამოყოფილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და იმ მექანიზმების ამოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საპატიო კონსულების სახით, ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიისა და კერძო პირების დახმარების საშუალებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ჩამოთვალა ქვეყნები და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დახმარება გაუწიეს.

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს თითოეული ჩვენი საელჩოსა და ქვეყნის მიხედვით მოქალაქეების რაოდენობა, რა რაოდენობის მოქალაქეს გაეწია დახმარება ადგილზე. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით: ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი საქართველოს 24 მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და საკვებით. ბელარუსის რესპუბლიკაში ტექნიკური და მატერიალური ხასიათის დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს. ბულგარეთის რესპუბლიკაში მატერიალური ტექნიკური სახის დახმარება გაეწია, საერთო ჯამში, საქართველოს 217 მოქალაქეს. ამავე დროს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ბულგარეთიდან ავტობუსით, მაშინ, როდესაც მესამე ქვეყნებს დაკეტილი ჰქონდათ საზღვრები და ჩემი პირადი ჩარევით და უშუალო კომუნიკაციით მეზობელი ქვეყნის საგარეო მინისტრებთან, მოხერხდა ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება ავტობუსებით. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს. ამას ემატება ასევე მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება საქართველოს 30 მოქალაქეზე. საბერძნეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, მატერიალური ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 181 მოქალაქეს. დამატებით ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 25 მოქალაქეს. ესპანეთის სამეფოში მთლიანობაში 54 მოქალაქეს, აქედან 14 იყო ტექნიკური სახის დახმარება მადრიდში, 40 მოქალაქეს – ბარსელონაში. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ჩვენ დახმარება გავუწიეთ საქართველოს 13 მოქალაქეს და ამავე დროს, 12 სტუდენტი დავაბრუნეთ, რომლებიც აღმოჩნდნენ რეისების გაუქმების გამო ეგვიპტეში. ასევე, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს 18 მოქალაქეს. იტალიის რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის, საელჩომ ჯამში მატერიალურ ტექნიკური სახის დახმარება, მათ შორის, საკვებით უზრუნველყოფა გაუწია, საქართველოს 440 მოქალაქეს. ლიეტუვის რესპუბლიკაში 15 მოქალაქეს. მალაიზიაში საქართველოს საელჩომ ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდანვე ხუთ მოქალაქეს გაუწია დახმარება და მოვახერხეთ მათი სხვადასხვა საშუალებით გამოყვანა. ასევე, ტრაბზონში საქართველოდ გენერალურ საკონსულოში მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 183 მოქალაქეს. მინდა, ასევე განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი საელჩოს საქმიანობა ანკარაში და საკონულოსი სტამბოლში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, გარდა იმისა, რომ ისინი მუდმივად დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს და ავტობუსებით ხდება მათი თანმიმდევრული დაბრუნება სამშობლოში, საელჩო არის აქტიურად ჩართული ჩვენს თურქ პარტნიორებთან სხვადასხვა მატერიალური სახის და სამედიცინო აღჭურვილობის დახმარების კუთხით, რათა იქნას მობილიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ოდესაში საქართველოს საკონსულოს საქმიანობით 10 მოქალაქეს გაეწია დახმარება და 44 მოქალაქე ბორნით იქნა გამოყვანილი და დაბრუნებული საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკაში 47 მოქალაქეს, შვეიცარიის კონფედერაციაში 19 მოქალაქეს, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამ მოქალაქეს, უნგრეთში საკონსულომ დახმარება აღმოუჩინა ექვს მოქალაქეს. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთო ჯამში ტექნიკური და მატერიალური სახის დახმარება გაუწია საქართველოს 244 მოქალაქეს. სლოვენიის რესპუბლიკაში, სადაც პრობლემები შექმნათ ავტომობილებით ჩვენს მოქალაქეებს, შვიდი მოქალაქე იქნა გამოყვანილი სლოვენიიდან. საფრანგეთის რესპუბლიკაში 64 მოქალაქეს აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება. ასევე, ნიდერლანდების სამეფოში 45 მოქალაქეს, პოლონეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, ტექნიკური სახის დახმარება 285 მოქალაქეს, 440 მოქალაქე „ლოტის“ რეისით იქნა დაბრუნებული. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეცრეისის განხორციელებას და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. მექსიკის შეერთებულ შტატებში ექვს მოქალაქეს, კატარში ექვს მოქალაქეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანობაში დახმარება აღმოვუჩინეთ 30-მდე მოქალაქეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს გენერალურ საკონსულოს, საელჩოსა და დიასპორულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ძალიან აქტიურია.

„იქ არის შექმნილი სპეციალური კრიზისების ცენტრი და კრიზისების ცენტრთან ერთად ჩვენ კოორდინირებულად ვეხმარებით, სხვადასხვა სახის დახმარებას, მათ შორის, ონლაინდახმარებას ვუწევთ ჩვენი მედიკოსების საშუალებით. ასევე, თბილისიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ონლაინჩართვები და ვიდეოკონფერენციები: აზერბაიჯანში 20 მოქალაქეს, კანადაში სამ მოქალაქეს და ბრაზილიაში სამ მოქალაქეს. ეს არის ის ზუსტი სია, რომელიც დღეს გაგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 40 ქვეყანაში 2425 მოქალაქეს გაეწია დახმარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ საქმიანობას და საზოგადოებას, ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს, მუდმივად, დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში იმ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რა დახმარებასაც ვუწევთ საქართველოს მოქალაქეებს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.