დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში
დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში

ჩვენი მედიაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი როლის აქტუალიზაცია, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქითკენ, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება, პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოებისა და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაციის ძალიან ინტენსიური მცდელობები ​უკვე ორი-სამი თვეა, დაწყებულია და ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე. როდესაც მიდის ომი, დაპირისპირება, როდესაც სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, მაშინ ეს საკითხი მუდმივად არის „ჰედლაინებში“ გამოტანილი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდსა და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა. მედიაციის ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები უკვე ორი-სამი თვეა, დაწყებულია და ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. განიხილებოდა სწორედ ეს გლობალური უსაფრთხოებისა და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის საკითხი, ასევე ჩვენი როლი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. მე, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, 30 წელია, დიპლომატიურ სამსახურში ვარ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღიდან ყველა ხელისუფალი ცდილობდა, მედიატორის როლის შეესრულებინა და ჩვენ მშვიდობისმყოფელი ფუნქცია მიგვეღო რეგიონში. მცდელობები იყო მიმართული, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ყოფილა და პირველად დადგა ეს შედეგი. ეს არის უპრეცენდენტო რამ, ქვეყნის გამარჯვებაა, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვებაა. ის, რომ მუდმივად, თბილისიდან დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა ეს მედიაცია და ფასილიტაცია ჩვენი მხრიდან და მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები იყვნენ, მუდმივად აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამ მედიაციის კუთხით, როგორ მიდიოდა პროგრესი, თბილისიდან ისინი მუდმივად იღებდნენ შეტყობინებას და ამით, ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ჩვენი როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, ახლა უადგილოა საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.